სამხრეთ ამერიკის უდიდესი მტკნარი ტბის, ტიტიკაკის ფსკერი, როგორც ჩანს, უძველეს შესაწირთა ნამდვილი მუზეუმია.
ინკებისა და ტიუანაკუს ხალხისათვის ერთ დროს წმინდა ტბა ბოლივიისა და პერუს ტერიტორიებზეა გადაჭიმული და სავსეა საუკუნეების წინ ჩაძირული, მსხვერპლად შეწირული ძღვენით.
წლების განმავლობაში კვლევის შემდეგ, არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ღმერთებისათვის პირველი წყალქვეშა შესაწირები ჯერ ისევ არ არის არც დაზიანებული და არც ავანტიურისტების მიერ გაძარცვული. ამის მაგალითია ახლახან აღმოჩენილი ვულკანური ქვისგან დამზადებული ყუთი, რომელიც ტიტიკაკაში 500 წლის წინ არის ჩაძირული.
მჭიდროდ დალუქული ეს შესაწირი არქეოლოგებმა ადგილობრივ ინდიელთა წინამძღოლების წინაშე გახსნეს. აღმოჩნდა, რომ მასში მოთავსებული იყო ეკვადორში გავრცელებული ეკლებიანი მოლუსკის, სპონდილუსისგან გამოქანდაკებული პატარა ლამა და დაკეცილი ოქროს ფირფიტა, რომელიც სავარაუდოდ სამაჯურის ნაწილი იყო.
თუ დამპყრობელ ესპანელთა ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ყუთში ერთ დროს უნდა მდგარიყო ბავშვის ან ცხოველის სისხლი, თუმცა, ტბაში ამ დრომდე აღმოჩენილი არ არის ადამიანის ნეშტის ნარჩენები.
„ეს ტბა დიდწილად შეუსწავლელია და გამორჩეულ შესაძლებლობებს გვთავაზობს პრეისტორიულ საზოგადოებათა შესასწავლად. ტიტიკაკის ტბის წყალქვეშა მემკვიდრეობას ჯერ კიდევ ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს“, — ამბობს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის წყლის არქეოლოგი კრისტოფ დელაერი.
უკვე წლებია, მეცნიერები ბეჯითად ადგენენ ტიტიკაკის ტბაში ჩაძირული ძღვენის კატალოგს; ტბის ზოგიერთ ზონაში აღმოჩენილია ცხოველის ძვლები, ოქროს მედალიონები, საკმევლის საცეცხლურები, ორნამენტები, ლამის ფიგურები და ძღვენად შეწირული ქვის ყუთები.
XV-XVI საუკუნეებში, როდესაც ინკების იმპერატორებმა სამფლობელო ანდებს მიღმა განავრცეს, ტიტიკაკის ტბა მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური კვანძი გახდა.
უფრო მეტიც, ტბაში მდებარე დიდი კუნძული პირველი იკნებისა და მათი მზის ღმერთის დაბადების ადგილად მიიჩნეოდა, შესაბამისად, ერქვა მზის კუნძული.
ბოლო წლებში, ახლომდებარე წყალქვეშა რიფთან, რომელსაც ხოას უწოდებენ, აღმოაჩინეს სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი სულ მცირე 28 ქვის ყუთი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანში იყო შემორჩენილი ოქროს, ვერცხლის ან ნიჟარების მინიატურული ფიგურები.
გვერდებზე არსებულ ნიშნებზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ საძღვენო ყუთებს ინკები წყალში ძირავდნენ; შიგნით მოთავსებული ნივთები კი წააგავდა ინკების სხვა ძღვენს ღმერთებისადმი.
თუმცა, ეს კონკრეტული ქვის ყუთი მზის კუნძულის სიახლოვეს, ხოას რიფთან არ უპოვიათ. აღმოაჩინეს სხვა რიფთან, სახელად კაკაიასთან, რომელიც სხვა რიფების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთით მდებარეობს.
გულმოდგინე ძებნის შემდეგ, რიფთან სხვა ასეთ ყუთს ვერ მიაგნეს. მართალია, კვლევის ავტორებს ჯერ გადაჭრით რაიმეს თქმა არ შეუძლიათ, მაგრამ ფიქრობენ, რომ კაკაიას ყუთი წარმოადგენს რელიგიური მსხვერპლშეწირვის ნიმუშს, როგორებიც უხვად არის ჩაძირული მზის კუნძულის სიახლოვეს.
„ჩვენი წყალქვეშა არქეოლოგიური კვლების ერთ-ერთი მიზანია ასეთი ადგილების გამოვლენა და ჩვენდა გასაკვირად, უკვე ვიპოვეთ სულ მცირე ერთი“, — ამბობს დელაერი.
მისივე თქმით, ეს გახლავთ ინკების ერთ-ერთი უიშვიათესი, ხელუხლებელი წყალქვეშა ძღვენი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. ამას გარდა, ის ტბის სხვა ნაწილში იპოვეს, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინკების იმპერიის გაფართოებას, ტბაში მცხოვრებ ადგილობრივ საზოგადოებათა და ევროპელებამდელ ტიკიკაკის ტბას შორის არსებულ ურთიერთობათა შესასწავლად.
როგორც მაკროსკოპული ანალიზები მიუთითებს, კაკაიას ყუთი ხოას ყუთების მსგავსად არის გაპრიალებულ-დამუშავებული. ჯგუფი გეოქიმიური ანალიზების პასუხებს ჯერ კიდევ ელოდება, მაგრამ აცხადებენ, რომ ამ ყუთების დასამზადებლად გამოყენებული ვულკანური ქვები ვიზუალურად იდენტურია.
ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ხოას ყუთები ძირითადად კუბის ფორმისაა და აქვთ ხუფი, კაკაიას ყუთი კი მართკუთხაა და აქვს საცობი. წყალგაუმტარობისთვის ეს საკმარისი არ არის და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძღვენი ერთ დროს სისხლით იყო ამოვსებული, ეს სითხე დიდი ხნის წინ ჩაანაცვლა ტბის წყალმა.
XVII საუკუნეში, ავგუსტინელი მღვდელი იუწყებოდა ტიტიკაკის ტბასთან ინკების დიდი რიტუალების შესახებ; მღვდელი წერს, რომ ქვის ყუთებს ბავშვებისა და ცხოველების სისხლით ავსებდნენ და ნავიდან თოკებით ტბაში უშვებდნენ, სადაც ის წყალს წითლად ღებავდა.
„კაკაიას ძღვენის ადგილმდებარეობა და ორიენტაცია წინწასწარ განზრახული ჩანს. კაკაიას რიფი ხოას პირდაპირ, ჩრდილოეთით არის, რაც ამ ორ ადგილს შორის ძლიერ სივრცულ კავშირზე მიუთითებს“, — წერენ ავტორები.
გარდა ამისა, რიფი უყრებს რეგიონის ორ უმაღლეს მწვერვალს, რასაც ინკები კარგად აფასებდნენ. სავარაუდოდ, ინკები წყალში არსებულ ამ მთასთან ყუთებს მთის ღმერთების პატივსაცემად ძირავდნენ.
შეიძლება ზუსტი პასუხი ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ტიტიკაკის ტბის რიფებში ძებნა გრძელდება…
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.