თინა ხიდაშელი - არასამთავრობოები სინამდვილეში, OGP-ის იუსტიციის მმართველობიდან გატანას კი არა, იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ
თინა ხიდაშელი - არასამთავრობოები სინამდვილეში, OGP-ის იუსტიციის მმართველობიდან გატანას კი არა, იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პროცესების არა იუსტიციის სამინისტროს მმართველობიდან გატანას, არამედ იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე სამიტზე განუცხადა, ის არ ეთანხმება მსგავსი სახის ცვლილების განხორციელებას იმ მოტივით, თუ ვინ არის იუსტიციის მინისტრი.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, სინამდვილეში, OGP-ის იუსტიციის მმართველობიდან გატანას არ ითხოვენ, იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.  ეს ერთი ამბის ორი სხვადასხვა მხარეა, გააჩნია საიდან შევხედავთ. შესაბამისად, მათი წუხილი და პრობლემა მაშინვე მოიხსნება, თუ შეიცვლება იუსტიციის მინისტრი, რა თქმა უნდა, თუ ახალ მინისტრს ექნება ღია მმართველობისთვის შესაბამისი ხედვა. იმის გამო, ვინ არის იუსტიციის მინისტრი და რა დამოკიდებულება შეიძლება არსებობს საზოგადოებაში, პროცესში ცვლილებას არ ვეთანხმები“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, OGP იქ უნდა დარჩეს, სადაც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის.

„თუ პოლიტიკური ნება იქნება, პროცესის წარმატების ალბათობა გაცილებით მაღალია იუსტიციის სამინისტროს იმ ძალიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლების ხელმძღვანელობით, რომლებიც დიდი ხანია ამ თემებზე მუშაობენ. რა მნიშვნელობა აქვს იუსტიციის სამინისტროში იქნება, პრეზიდენტის კანცელარიაში, მთავრობის თუ თბილისის მერიაში, თუ სახელისუფლო გუნდს არ აქვს კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, ანგარიშვლადებულების მაღალი სტანდარტის დადგენის პოლიტიკური ნება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი შეფასებით, აქედან გამომდინარე, აქცენტები არასწორადაა დასმული და არასამთავრობოებმა იმისთვის უნდა იბრძოლონ, რომ პროცესი იყოს ჯანსაღი.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ამასთან, „ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართეს, რათა მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, პრემიერმა იცოდეს გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც, საქართველო, როგორც ამ პარტნიორობის წევრი და თავმჯდომარე ქვეყანა დგას. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. „სამომავლოდ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროცესს კოორდინაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს, ვინაიდან უკანასკნელი პროცესები აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი“, – ნათქვამია მიმართვაში.