შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან, რათა დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები
შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან, რათა დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

თინა ხიდაშელის ორგანიზაციის ტაივანელი დონორების შესახებ დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იფუთება „ენჯეოს“ ფორმატში ლობისტური საქმიანობა.

„ეს ორგანიზაცია ბოლო პერიოდში ისე არის წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი – მათვე უყვართ ხოლმე თქმა – გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. სინამდვილეში, ეს არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ, უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ამასთანავე, იცით, რომ ტაივანის ინტერესი არის მისი აღიარება და ამას ცდილობს ის, ისევე როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს ინტერესიც არის ჩადებული ამ დაფინანსებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები.

„საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არის ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები და სწორედ ამ ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს ეს ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაში არის შენიღბული სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა. თავის მხრივ, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არაღიარების შესახებ პოზიციას“.