დავით უსუფაშვილი - კონკრეტული საუბრები ვინმესთან გაერთიანება-არგაერთიანებაზე არ მიდის, ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი
დავით უსუფაშვილი - კონკრეტული საუბრები ვინმესთან გაერთიანება-არგაერთიანებაზე არ მიდის, ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი

ზოგადად, მე პატივს ვცემ თინა ხიდაშელს და მის მოსაზრებებსაც, მიხარია, რომ ის პარტია, სადაც ახლა მე ვარ, მას მიაჩნია ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის საწინდრად. „ლელო“ ვისთან გაერთიანდება, როდის და როგორ, ამას „ლელო“ გადავწყვეტთ იმ პრინციპებით და იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილს კითხვა დაუსვეს თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დროა, „ლელომ“ და გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გაერთიანებაზე იფიქრონ.

უსუფაშვილის თქმით, „ლელოს“ მიაჩნია, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკა, ახალი პოლიტიკური და მორალური სტანდარტები, ახალი ზნეობრივი სტანდარტები.

„ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ ვართ ღია პარტია. კონკრეტული საუბრები ვინმესთან გაერთიანება-არგაერთიანებაზე არ მიდის. ჩვენ უკვე ძალიან მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ წარმოგვიდგენია რაიმე პოლიტიკური ალიანსი. გვაქვს ნათქვამი, რომ გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ვიდრე დღის წესრიგში დადგება რაიმე ტიპის თანამშრომლობა არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, ამ პრინციპების დაცვით გავაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.