TIMES - რუსი ინტერნეტ-ტროლები ცდილობენ მსოფლიო დაარწმუნონ, რომ ქიმიური თავდასხმა ფაბრიკაციაა
ბრიტანული ანალიტიკური გამოცემა TIMES -ი ე.წ. ტროლების ქარხნის ახალ მისიაზე ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია ინტერნეტ-ტროლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, რომელიც სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის ინსცენირებულ ფაქტად წარმოჩენას და დასავლეთის პოზიციების ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად.
„კრემლიდან მართული ინტერნეტ-ტროლები სოციალურ ქსელებში ამერიკელი დემოკრატების დისკრეტიდაციის მცდელობისა და ანტისემიტური შინაარსის პოსტების გავრცელების შემდეგ, ქიმიურ თავდასხმაზე გადაერთვნენ. მათი მიზანია, მსოფლიო დაარწმუნონ, რომ დუმაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმა ქლორის გაზით, ფაბრიკაციაა.“- წერია TIMES-ის სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, „კრემლის ტროლები“, სოციალურ ქსელ Twitter-ში ხუთი ყალბი ანგარიშით 12 და 13 აპრილს 24-საათიან რეჟიმში პროპაგანდისტულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ცრუ ინფორმაცია ტექსტის გარდა ვიდეო და ფოტო მასალას შეიცავს. ტროლები წერენ, რომ ქიმიურ შეტევას სირიის მთავრობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, თავდასხმა ოპოზიციურმა ძალებმა და მოხალისეთა ჯგუფმა – „თეთრმა ჩაფხუტებმა“ განახორციელეს. ტროლების ვერსიით, 2017 წელს ხან შეიხუნში ასადის მთავრობის მიერ ზარინის გაზით განხორციელებული თავდასხმა დადგმული იყო.
სტატიაში გამოყენებულია Atlantic Council-ის ანალიტიკოსის, ბენ ნიმოს შეფასება, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის დეზინფორმაციული მანქანა ასეთ კრიტიკულ დროს განსაკუთრებულად აქტიურდება.
„ჩვენ ვხედავთ 2000%-ით გაზრდილ ყალბ ანგარიშებს სოციალურ ქსელებში და ათასობით ცრუ ინფორმაციის შემცველ პოსტს, რომელსაც მსოფლიოში ასიათასობით მნახველი ჰყავს.“ – წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ კრემლი სირიის ომზე „ალტერნატიულ ფაქტებს“ ავრცელებს.