დასავლეთი ასადის რეჟიმს, მორიგი ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებს
დასავლეთი ასადის რეჟიმს, მორიგი ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებს

2013 წლის აგვისტოში ღუტაში ქიმიური თავდასხმიდან ხუთი  წლისთავზე,  დასავლეთის ქვეყნები სირიის მთავრობას აფრთხილებენ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

სამი სახელმწიფოს ერთობლივი განცხადება გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში წერია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმათა სერიით კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

„ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი  შეშფოთებას გამოთქვამენ იდლიბის პროვინციაში მიმდინარე პროცესების გამო. სირიის რეჟიმი სამხედრო ოპერაციას დასახლებულ პუნქტებში ახორციელებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან, ინფრასტრუქტურა კი ნადგურდება“, – წერია განცხადებაში.

2013 წელს მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ღუტას რეგიონში სირიის მთავრობამ ავიათავდასხმა ქიმიური იარაღით, კერძოდ ზარინით განახორციელა. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა დღემდე სადავოა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წლის 21 აგვისტოს ღუტაში 1400 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

სწორედ ღუტაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შემდეგ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სირიაში ინტერვენციის საკითხზე მსჯელობა დაიწყო, თუმცა საბოლოოდ კონგრესში გადაწყდა, რომ სამხედრო ინტერვენცია სირიაში მცდარი ნაბიჯი იქნებოდა.

ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ პირველი პირდაპირი იერიში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა 2017 წლის აპრილში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით მიიტანეს.