CNN - თეთრმა სახლმა სკრიპალის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ზომების ამოქმედებას გადაწყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ყველაზე მკაცრი ზომა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაა. შესაბამისი ზომების შემუშავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე უწყებას შორის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის ჩართულობით მიმდინარეობს.
როგორც CNN-თან საუბრისას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, აშშ-იდან რუსი დიპლომატების გაძევება ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა 2017 წლის ზაფხულში დიპლომატები უკვე გააძევა, რასაც რუსეთის მხრიდან ანალოგიური პასუხი მოჰყვა.
თუმცა, როგორც მედიასაშუალებას კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, დიპლომატების გაძევება მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საერთოდ რამე ნაბიჯს გადადგმას.
შეგახსენებთ, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.