თეთრიწყაროში „ბნელი ხევის ეკლესიას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თეთრიწყაროში „ბნელი ხევის ეკლესიას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე VIII-IX საუკუნეების ე.წ. ბნელი ხევის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის, შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს არსებული ბნელი ხევის სიახლოვის გამო, „ბნელი ხევის ეკლესია“ უწოდეს, ფიტარეთის მონასტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3,5 კილომეტრის მანძილზე, ტყით დაფარული ქედის თხემზე მდებარეობს.

„ამ ეკლესიის თუ მცირე მონასტრის შესახებ ცნობები არც ისტორიულ წყაროებში, არც სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც უცნობია მისი სახელი.

ეკლესია თავისი სამხრეთი მინაშენი-კარიბჭით ძლიერაა დანგრეული, ირგვლივ მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები; ეს მასალა ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

კლდის ნამტვრევი ქვის, თანაბარი რიგების წყობით ნაგები დარბაზული ეკლესიის (ზომები: 8,40 X 5,00 მ) გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა. შენობას აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში ორი – ფართე, პარალელურგვერდებიანი სარკმელი აქვს;

კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, მას სუფთად ნათალი ქვის სწორკუთხა, გრძელი არქიტრავი (ზომები: 2,60 X 0,65 მ) ადევს. ეკლესიის აფსიდის მოხაზულობას მცირე ნალისებურობა აღენიშნება, მის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა გამოყვანილი; შემორჩენილი კონქის თაღი უხეიროდაა ნაგები და ზემოდან დაბრტყელებულ რკალს შემოწერს.

ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, საკურთხევლის აფსიდში ნალესობაზე შეიმჩნევა მლოცველების ამოკაწრული ასომთავრული და მხედრული მინაწერები. გარედან, სამხრეთი სარკმლის ორსავ მხარეს, კედლის წყობაში ჩაშენებულია, ადრე შუა საუკუნეების (VI ს.) ორი სტელის დამაგვირგვინებელი მუქი წითელი ფერის ქვის ორი დეტალი – ე.წ. „უფლის საფლავის“ თუ „სიონის“ ჭვირული, დეკორირებული მოდელი.

აღმოსავლეთით მდებარე მოდელს – ნიამორის რელიეფური გამოსახულება ამშვენებს. შენობა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული – კარნიზი, რომლის ფრაგმენტები ეკლესიის ირგვლივაა მიმობნეული კბილანებით გაფორმებული თაროს ფორმისაა. კარნიზის ერთი მონაკვეთი ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელზე. ეკლესია სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებშია ნაგები და გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს ნაგზაურის N3 და N4 სამლოცველოებსა და ზურტაკეტში არსებულ შვერილაფსიდიან ეკლესიებთან.

„ბნელი ხევის ეკლესიას“ სავარაუდოდ XIII ს-ში, სამხრეთიდან მიაშენეს დასავლეთიდან – აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული, ორკალთად გადახურული, სწორკუთხა გეგმის კარიბჭე (ზომები: 6,30 X 4,30 მ), რომელიც სიგრძით ეკლესიის შვერილი აფსიდის დასაწყისამდე ვრცელდება.

კარიბჭე, სხვადასხვა ზომის რუხი ნათალი ქვითაა ნაგები, მისი კამარა ჩრდილოეთით, ეკლესიის კედელზე მიდგმულ მზიდ თაღებს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია გაჭრილი; როგორც ეკლესიის ასევე კარიბჭის კედლებში ჩაშენებულია ადრეული შუა საუკუნეების ბრტყელი სტელები (საფლავის ქვები ?), რომლებზეც წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია ამოკვეთილი. კარიბჭეს პროფილირებული კარნიზი ჰქონდა (ლილვი + წრეთარგი + თარო), კუთხის კარნიზის ფრაგმენტი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დევს.
ეკლესიასა და კარიბჭეს შორის, წვიმის წყლის სადინარი ქვაში ნათალი ღარები იყო დამონტაჟებული.

კარიბჭის კამარისა და სამხრეთ კედლის ნანგრევის ნაწილი სამხრეთითაა დაგროვილი, რაც ვფიქრობ მიწისძვრის ძლიერი ბიძგით უნდა იყოს გამოწვეული, ნაწილობრივ გადაქცეულია ასევე ეკლესიის ჩრდილოეთი კედელიც, კამარის ნანგრევი კი ეკლესიაშივე ყრია.

ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტულია ადრეული შუა საუკუნეების სტელათა დეკორირებული ფრაგმენტები, მათი ნაწილი მუქი წითელი ფერისაა და სტილით დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაგზაურის კომპლექსის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ სტელათა ფრაგმენტებს მოგვაგონებს.

ეკლესიის ჩდილოეთით შენობის, სამხრეთით კი გალავნის კვალი იკითხება, რაც მიგვანიშნებს, რომ აქ მცირე მონასტერი ფუნქციონირებდა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.