თეთრიწყაროს რაიონში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება
თეთრიწყაროს რაიონში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება

მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 22 მაისიდან დღემდე თეთრიწყაროს რაიონში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო თეთრიწყაროს რაიონს. მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონში არის საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გვქონდა 22 მაისს. 22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გვაქვს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ადგილობრივებს უნდა მოვუწოდოთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ და დავიცვათ ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი 26 აპრილს ჩაიკეტა.