ტერეზა მეი მიესალმება აშშ-ის, კანადისა და ევროპული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიესალმება აშშ-ის, კანადისა და ევროპული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მივესალმებით ჩვენი მოკავშირეების დღევანდელ გაადწყვეტილებას, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ ჩვენ გვერდი-გვერდ ვდგავართ და რუსეთის ყველაზე სერიოზულ სიგნალს ვუგზავნით, რომ ის ვეღარ გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსი დიპლომატების გაძევებას ისტორიაში რუსი დაზვერვის ოფიცრების ყველაზე მასშტაბური კოლექტიური გაძევება უწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა, კანადამ, უკრაინამ და ასევე ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ. სულ სამშობლოში დაბურნება 100 რუს დიპლომატს მოუწევს.
ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.