„დოიჩე ველე“ - კოსოვომ ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა
„დოიჩე ველე“ - კოსოვომ ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმმ ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. მედიის ცნობით, მან საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომ სერბეთში, რუსეთის საელჩოს პრიშტინას ფილიალის ორი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოს მათი მავნე ქმედებების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას.

ოსმანის განცხადებით, კოსოვოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იბრძოლოს რუსეთის მავნე ზეგავლენისა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ რეგიონში, რომლებიც ცდილობენ, შეაფერხონ კოსოვოს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე. მან დასძინა, რომ პრიშტინა გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მცდელობები რეგიონის დესტაბილიზაციის მიმართულებით.

ამასთან, მედიის ცნობით, დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა ბელგრადში რუსეთის საელჩო და განაცხადა, რომ კოსოვოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს არ აქვს იურიდიული ძალა და მოსკოვი ამ საკითხზე კოსოვოში გაერო-ს მისიასთან თანამშრომლობს.