მედიის ინფორმაციით, იტალიაში რუსი დიპლომატების ნაწილი ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა
მედიის ინფორმაციით, იტალიაში რუსი დიპლომატების ნაწილი ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა

როგორც იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ წერს, იტალიაში აკრედიტებული დიპლომატების ერთი მესამედი ჯაშუშობითაა დაკავებული და საიდუმლო ინფორმაციას აგროვებს.

როგორც იტალიურ კონტრდაზვერვაში მიიჩნევენ, სულ მცირე 80 რუსი დიპლომატი რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის და საგარეო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობს. გამოცემის ცნობით, ისინი იტალიაში ჯაშუშების გადაბირებით არიან დაკავებული.

ამასთან, მედიის ცნობით, ორი რუსი დიპლომატი, რომელმაც იტალიელი კაპიტანი გადაიბირა, უკვე გაემგზავრა სამშობლოში. მათი დეპორტაცია იგეგმებოდა, თუმცა ორივე დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა და დაკავებას ასე გადაურჩნენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ჯაშუშურ საქმიანობასთან დაკავშირებული სკანდალი 31 მარტს აგორდა, როდესაც იტალიელ კაპიტანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. როგორც ირკვევა, ვალტერ ბიოტო იტალიისა და ნატო-ს საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის საელჩოს გადასცემდა. მის ტელეფონში 181 საიდუმლო დოკუმენტის ფოტო აღმოაჩინეს, მათ შორის ცხრა დოკუმენტს ჰქონდა გრიფი „მკაცრად გასაიდუმლოებული“, ხოლო 50-ს „ნატო-ს საიდუმლო“.

დაკავებულ კაპიტანს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მედიასთან საუბარში დაკავებულის მეუღლემ განაცხადა, რომ მის ქმარი მოღალატე არ არის და საიდუმლო დოკუმენტებს იმის გამო ყიდდა, რომ ხელფასით ექვსსულიანი ოჯახის რჩენა უჭირდა. როგორც ირკვევა, იტალიელი კაპიტანი საიდუმლო დოკუმენტაციას 5 000 ევროდ ყიდდა.