ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატები გააძევოს,  – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი თანხმდება, რომ დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუს დიპლომატებს გააძევებენ, არიან – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, ფინეთი, რუმინეთი, ხორვატია,  შვედეთი.

ამასთან, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთს ევროკავშირის ელჩიც დატოვებს.

ევროპული საბჭოს  პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს დღეებში, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების შესახებ განაცხადოს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გერმანია ქვეყნიდან გააძევებს ოთხ რუს დიპლომატს, საფრანგეთი  – ოთხს, ლიტვა  – სამს, ჩეხეთი  – სამს.

ამასთან, უკრაინა ქვეყნიდან  13 რუს დიპლომატს გააძევებს.

ამასთან, 60 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს ამერიკის შეერთებული შტატები.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს  წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.