აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა
აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა, –  ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ტექსტი რუსულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ანტონოვის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს გადასცა 24 რუსი დიპლომატისგან შემდგარი სია, რომლებმაც ქვეყანა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ, მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

„ასეთი სიტუაცია არავისთვის არის სარგებლის მომტანი. აუცილებელია გადაწყვეტილებები პარიტეტის საფუძველზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის გაკეთების ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა არის ყველა იმ ზომისა და კონტრზომის გაუქმება, რომლებიც დიპლომატების საქმიანობას აფერხებს“, – განაცხადა ანტონოვმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სთან დაწყებული დიალოგი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი