ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მოწყობილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მაღალი მიმართვიანობაა და ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მოწყობილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოქალაქეებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივიდნენ და მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრან.
აღნიშნულ ცენტრში ვაქცინაცია შესაძლებელია „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“. ცენტრის ინფექციონისტის თქმით, მოქალაქეების მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.
„ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. აქ ხდება გამარტივებული წესით ვაქცინაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ბენეფიციარს, რომელიც ვერ რეგისტრირდება საიტზე, შეუძლია, მომართოს სივრცეს და აქვე აიცრება. მაღალია მომართვიანობაა, რაც ძალიან სასიხარულოა. მოქალაქეებს აქ შეუძლიათ, აიცრან „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“. ვმუშაობთ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00 დან 20:00 საათამდე“, – განაცხადა ინფექციონისტმა დიმიტრი კოჩაძემ.