ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - სტუდენტების ნაწილი, რომელიც რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია
სტუდენტების ნაწილი, რომელიც განათლების სამინისტროსთან რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები, რომლებიც რექტორ დავით გურგენიძის გადადგომას მოითხოვენ, რამდენიმე კვირის წინ უკვე შეხვდნენ რექტორს. კოპალიანის თქმით, რექტორმა სტუდენტებს ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.
„აღნიშნული სტუდენტები რამდენიმე კვირის წინ იყვნენ ჩვენს უნივერსიტეტში და განაცხადეს, რომ შიმშილობენ, შემდეგ რამდენიმე საათში წავიდნენ. რექტორს შეხვდნენ და მათ დასმულ ყველა შეკითხვას აბსოლუტურად ამომწურავად გასცა პასუხი, როდის იყო ნასამართლევი, რისთვის და ა.შ. თავისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნებით, როდესაც აირჩიეს, მაშინაც მოხდა აღნიშნული კანდიდატის მიერ ამ ყველაფრის დაფიქსირება. ამის შემდეგ ეს ახალგაზრდები წავიდნენ და გუშინ მათ კიდევ გააგრძელეს აქცია სამინისტროსთან. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგიკვირდა.
ახლა რასაც ლაპარაკობენ, აბსოლუტურად აბსურდია. მათ შეკითხვებზე პასუხი გაცემულია. ზეგ გავმართავთ ბრიფინგს, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტებისა და ადმინისტრაციის მონაწილეობით. ყველა დოკუმენტაციას დავდებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რაზეც არის შეკითხვები. ეს სტუდენტები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული. წარმოიდგინეთ, ადამიანს ედავებიან, რატომ ხარ ნასამართლევიო. ის ადამიანები, რომლებმაც უკანონოდ გაასამართლეს და ორჯერ დააპატიმრეს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
დღეს დილიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, მინისტრს მათთან შესახვედრად დროს 21:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები სამინისტროსთან პროტესტს შეწყვეტენ და ორშაბათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ.