ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე რამდენჯერმე ნასამართლევია.

ამასთან, სტუდენტებთან აქციაზე იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მან აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, პარლამენტსაც მიმართავს.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა აქვთ ახალგაზრდებს. პირველი, რომ განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, ეს არ უნდა იყოს სტუდენტებისთვის პრობლემა და მეორე, ოთხჯერ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ სამეცნიერო საბჭომ, რომელმაც ის აირჩია, წინასწარ არ იცოდა ყველა ამ ფაქტის შესახებ. ის არის ნასამართლევი როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ საკმაო მძიმე დანაშაულისთვის. შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის ასეთი ტიპის რეპუტაცია ყოველთვის არის დამაზიანებელი. მთხოვეს, პარლამენტში დავაყენოთ ეს საკითხი. შეიძლება, საკანონმდებლო დონეზე ინიციატივის სახეც მივცეთ, რომ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს რექტორი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათი მოთხოვნა რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი გოგუაძემ განაცხადა, მინისტრს შესახვედრად დროს 21:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები სამინისტროსთან პროტესტს შეწყვეტენ და ორშაბათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ვაშაძეს გვერდში დგომისთვის. მივიღეთ პირობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს ჩვენი პროტესტი. აქედან გამომდინარე, განათლების მინისტრს ვაძლევთ გონივრულ ვადას 21:00 საათამდე, გამოთქვას სურვილი ჩვენთან შეხვედრის. თუ არ მოვა ჩვენთან შესახვედრად, განათლების სამინისტროსთან ჩვენი პროტესტი დასრულდება და ორშაბათიდან გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა ირაკლი გოგუაძემ.