საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე – „ქართული სახელმწიფოებრივი აღორძინების ეგზისტენციალური რესურსი“. მას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს უახლოესი წარსული და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ფილოსოფიური თემების ფონზე განიხილა. მან ასევე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელა.
„მე მაქვს მცდელობა, რომ ძირეული ფილოსოფიური კატეგორიებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფიური თემების ფონზე და საფუძველზე, განვიხილო და გავაანალიზო საქართველოს უახლესი წარსულის პროცესები და მოვლენები. ის მოვლენები, რომლებმაც დიდწილად განსაზღვრა ჩვენი ბედი, ჩვენი ცხოვრების მიმართულება და სახელმწიფოებრივი ფორმირების მიმართულება. ასევე, განვიხილე, აღმასვლის, აღზევების რა პერსპექტივები აქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მე ვილაპარაკე იმ გაუკუღმართებისა და მანკიერ პროცესებზე, რაც ჩვენს უახლოეს წარსულში გვქონდა და რაც დაკავშირებულია სიღრმისეულად ასევე ძალიან ღრმა ფილოსოფიურ საფუძვლებთან. ვისაუბრე ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღორძინების რეალურ პერსპექტივებზე, რომლებშიც ღრმად ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით გაიმართა.
„სპეციალურად ვთხოვეთ, რომ ისეთი საკითხები შეერჩია, რომლებიც დღევანდელობასთან არის რელევანტური და ადეკვატური. ლექცია ეძღვნება საქართველოს აღორძინების საკითხებს და ამას განიხილავს ბატონი ირაკლი ფილოსოფიურ ასპექტებში. აქტივობა არის ძალიან დიდი და ჩვენი სტუდენტები არიან მოწადინებულნი“, – განაცხადა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ.