თენგიზ შერგელაშვილი - თუ კანონპროექტს შემოიტანენ, რომლითაც საშემოსავლოდან პროცენტი მუნიციპალიტეტებს დარჩება, პოლიტიკური ნების გამოხატულება ეს იქნება
თენგიზ შერგელაშვილი - თუ კანონპროექტს შემოიტანენ, რომლითაც საშემოსავლოდან პროცენტი მუნიციპალიტეტებს დარჩება, პოლიტიკური ნების გამოხატულება ეს იქნება

იყო დაპირება და თვითმმართველობის კოდექსით ვალდებულება, რომ ფიზიკური პირების საშემოსავლოსთან ერთად, მუნიციპალიტეტებს საშემოსავლოს სხვა ნაწილიც დარჩენოდა, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ხელს არ შეუშლის, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ წევრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცოტა უხერხულია, რომ დღეს დაახლოებით სადღეგრძელოს ტონალობაში ნათქვამ მიმართულებას უნდა დავუჯეროთ მაშინ, როცა ვალდებულება არ სრულდება. თუ წელს შემოდგომაზე კანონპროექტს შემოიტანენ, რომლითაც საშემოსავლოს გარკვეული პროცენტი მუნიციპალიტეტებს დარჩება, პოლიტიკური ნების გამოხატულება ეს იქნება“, – განაცხადა შერგელაშვილმა.

მისი თქმით, საშემოსავლო გადასახადი მხოლოდ ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყარო არ არის და მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ როცა ის 100 ლარს მიიღებს და აქედან 20 ლარს გადაიხდის, 15 ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში წავა, 5 ლარი კი მუნიციპალურ ბიუჯეტში.

როგორც თენგიზ შერგელაშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტს შეუძლია, ცენტრალური ხელისუფლებისგან ამა თუ იმ ქონების გადაცემა მოითხოვოს, მაგრამ ამ მხრივ საშინელი პრაქტიკა არსებობს. 

„მუნიციპალიტეტები ითხოვენ, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არ აძლევს. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა მუნიციპალიტეტმა ფული დახარჯა, ნახაზი შეადგინა, მოითხოვა და ამ ნახაზით მიწა ეკონომიკის სამინისტრომ დაირეგისტრირა. პირდაპირ გეტყვით, არაფორმალურად საჯარო რეესტრს ინსტრუქცია აქვს მიცემული, რომ მუნიციპალიტეტებზე ქონება არ დაარეგისტრიროს, ან იშვიათ შემთხვევაში დაარეგისტრიროს“, – განაცხადა შერგელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბიუჯეტისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით, რამდენად არის მზად ქვეყანა რეფორმის განსახორციელებლად, შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფულის ეფექტურად ხარჯვის მექანიზმი არსებობდეს, რადგან ოჯახს რაც უფრო უჭირს, უფრო ცდილობს, ფული ეფექტიანად დახარჯოს, თვითმმართველობა კი ფულის ეფექტიანად დახარჯვის საშუალებაა და არგუმენტი, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის, მისთვის მაშინაც მიუღებელი იყო, როცა ქვეყნის ბიუჯეტი ნახევარი მილიარდი იყო და ახლაც, როცა ის 31 მილიარდია.