ირაკლი კობახიძე - თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად, ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად, ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე მუშაობს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას.

როგორც მან საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე განაცხადა, საქართველოში 2004 წელს განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიკაცია და ამ მომენტიდან დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში აისახა პირველი ნორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების შესახებ, 2017 წელს კი, ეს გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი გახდა. დღევანდელ კონსტიტუციაში ასახულია სუბსიდიარობის პრინციპი, ასახულია ყველა პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა. თუმცა, ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომ განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მკაფიო ხედვა და დეცენტრალიზაციის სტრატეგია.

„მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. რა თქმა უნდა, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსების გადაცემას.

„ეს რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, თუ არ განხორციელდა შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმები და თუ არ გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსები. ამისკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა და ძალისხმევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თვითმმართველობა არაფერია, თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში.

„უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს მოქალაქეთა ჩართულობაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჩართულობის მექანიზმების დახვეწას და დღეს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურად აქტიურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისივე შეფასებით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას, რომ თანმიმდევრული ხასიათი მიეცეს დეცენტრალიზაციის რეფორმასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესს.

„ასევე, ეს ფორუმი უნდა გახდეს საფუძველი, რომ მომზადდეს დახვეწილი სტრატეგია დეცენტრალიზაციისთვის. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და პარლამენტი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ყველარეფორმის განხორციელებაში, რომელიც დაკავშირებულია დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი საქართველოს პარლამენტში იმართება.  ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც მიესალმა.

დატოვე კომენტარი