თემურ შაშიაშვილი - პროპორციული სისტემა კრიზისს კიდევ უფრო სიღრმეში შეიყვანს
პროპორციული სისტემა კრიზისს კიდევ უფრო სიღრმეში შეიყვანს, – განაცხადა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარემ, თემურ შაშიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“.
„მე ვიყავი და ვრჩები მაჟორიტარული არჩევნების მომხრე. პოლიტიკური პარტიების უდიდეს ნაწილში ზნეობის დეფიციტია და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობაა. კატასტროფა იმაშია, რომ ზნეობრივ ადამიანებს აღარ უნდათ პარტიებში შესვლა, არადა, პარტიები იმარჯვებენ. ანუ, თავიდანვე დაგეგმილია, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთა დიდ ნაწილს ზნეობასთან გარკვეული პრობლემები გააჩნია. ჩვენ ამ პრობლემის დაძლევაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
ამ განცხადებით თემურ შაშიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა პროპორციული სისტემა იმ პრობლემების დაძლევის შესაძლებლობა, რომლებიც ქვეყანას აქვს.
როგორც პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, საშიში არც ერთი საარჩევნო სისტემა არ არის, როდესაც ხალხმა სიმართლე იცის.
„აღორძინებამ“ და „მოქალაქეთა კავშირის“ ხელმძღვანელობამ, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა პრაქტიკულად, სიყალბეში აცხოვრა და დღეს, საქართველო სიყალბეში ცხოვრობს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის უბედურება ის არის, რომ რეალურად, საქართველოს არ ჰყოლია არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართებოდა.
„ქვეყნის უბედურება არ არის რომელიმე პარლამენტარი; ქვეყნის უბედურება არის გარედან მართული პოლიტიკური ძალა. ჩვენი პოლიტიკური პარტიები, ყოფილი თუ დღევანდელი, იმას უყურებენ, გარეთ რას ამბობენ. ერთი ჩვენს მეცნიერებს ჰკითხონ. გულახდილად დაელაპარაკონ კულტურის მოღვაწეებს. ჩადიან რაიონებში და თავიანთი პარტიის წევრებს ხვდებიან, მათი პარტიის წევრები კი იმაზე ფიქრობენ, კარგი სიტყვა თქვან და უფროსი შეაქონ. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამ არის დასაძლევი“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
თემურ შაშიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მართვის ავადმყოფი სისტემაა, რომელიც ერთ კაცზეა დამოკიდებული და ეს სისტემა სრულად არის შესაცვლელი.
„ამ ქვეყანას ვერც მილიარდერი გადაარჩენს და ვერ ე.წ. ბელადი. კონკრეტულად თქვენ არ გეუბნებით, მაგრამ ტელევიზიებმა ქვეყანაში ყალბი გმირების შექმნის რაღაც არნახული სისტემა შექმენით. ეს სისტემა არ ეძებს კარგ ადამიანებს; როდესაც სისტემა ავადმყოფია, ის თავის შესატყვის ადამიანებს ეძებს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა გამოსავალს ხედავს შექმნილ ვითარებაში, თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა რომ ძლიერი გახდეს, ის მეცნიერებას უნდა დაეყრდნოს.
„ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევჯერდეთ. ვინ ვართ ჩვენ და ვინ გვეკითხება ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს?! ქვეყანა მაშინაა ძლიერი, როცა ის მეცნიერებას ეყრდნობა და მეცნიერებს ეთათბირება, ჩვენ კი მეცნიერებას ვკლავთ; ინსტიტუტები მოიშალა და ისინი კლუბად ვაქციეთ. ქვეყანას კორიფეები ჰყავს და ჩვენ გვჭირდება, პროგრამები ამ ხალხმა შეიმუშაოს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.