საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თემურ ჭკუასელი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია აგორებულია.
„უმრავლესობის სხდომაზე ამაზე მსჯელობა დღეს უნდა იყოს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ, თუ ცვლილებები მოხდა, ამას ვინც წარადგენს, შესაბამისი დასაბუთებაც იქნება და ამ დასაბუთებას მოვისმენთ. ეს არის მთავარი. გუნდი იმსჯელებს“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა არასამთავრობოების მიერ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებითაც.
„თეა წულუკიანი ერთ-ერთი მინისტრია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ერთ-ერთი გაწონასწორებული პიროვნებაა. თეა წულუკიანი იქნება თუ არა მინისტრი, მე მის მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვიქნები გამსჭვალული“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე გაიმართება.