მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რუსთავის სასამართლოდან იუწყება.
მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დღეს წარუდგინეს.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.