რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის საკითხი არ განხილულა
რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის საკითხი არ განხილულა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უარყოფს ინფორმაციას, „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის თაობაზე.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია.

„დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება. ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2020 წლის 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.