სოფო კილაძე აცხადებს, რომ თემურ აბაზოვის საარჩევნო სიაში შესაძლო ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს
სოფო კილაძე აცხადებს, რომ თემურ აბაზოვის საარჩევნო სიაში შესაძლო ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“  მიერ თემურ აბაზოვის თაობაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცინიკური არაფერი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თემურ აბაზოვი იქნება თუ არა მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში.

„არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა მიუღებელია, თუმცა რამდენადაც ვიცი, სასამართლო დასრულდა. ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისგებაში ერთხელ უნდა მიეცეს. ორჯერ, სამჯერ პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. რამდენადაც ვიცი, სასამართლო ამ პირის გათავისუფლებით დასრულდა. ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულება ვიცი, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, პირი თავისუფალია. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცინიკური არაფერია“, – განაცხადა კილაძემ.

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.

თემურ აბაზოვმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2020 წლის 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.