მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი წარუდგინეს
მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი წარუდგინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თემურ აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა დაუდასტურა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ზვიად ასათიანი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს.
ადვოკატის განცხადებით, თემურ აბაზოვი თავს კარგად გრძნობს და სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამ დრომდე საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა.
მისი თქმით, საქმის მასალებს დღეს პროკურატურაში გაეცნობა.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გუშინ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.