პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოყავთ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პაციენტს თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოათავსებენ.
დაჭრილის გადმოყვანა თბილისში ოჯახის თანხმობით ხდება.
როგორც პირველ არხს დაჭრილის დედამ, გულიკო მარგოშვილმა განუცხადა, ენდობა ექიმების გადაწყვეტილებას მისი შვილის თბილისში გადაყვანასთან დაკავშირებით.
თელავის რეფერალური კლინის რეანიმატოლოგის, ვასილ გოტაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
„პაციენტი არის ტრანსპორტაბელური, თუმცა არის ძალიან მძიმე. მკურნალობის უფრო ადეკვატურად ჩატარების მიზნით, საჭიროა მისი გადაყვანა სპეციალიზირებულ მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც არის ნეიროქირურგიული, ნეირორეანიმაციული განყოფილებები, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ვასილ გოტაძემ.
მაჩალიკაშვილი მესამე დღეა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში კომურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.