გიორგი მარგველაშვილი - პანკისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს   
გიორგი მარგველაშვილი - პანკისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს   

თქვენ უყვარხართ ქართველ საზოგადოებას – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ პანკისელი სტუდენტის მიერ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, თემა საკმაოდ სენსიტიურია და ახალგაზრდის დაღუპვა, ყველასთვის ძალიან მტკივნეულია.

“თქვენ, ყველას უნდა გქონდეთ განცდა, რომ საზოგადოებას უყვარხართ და ერთად უნდა გადავიტანოთ ეს ტკივილი. როდესაც იღუპება ახალგაზრდა თავისთავად ძალიან მტკივნეულია და დიდი დანაკარგია, როგორც ოჯახისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის. არ დავიწყებ იმის განხილვას რამდენად სწორად მოხდა ეს, გამოძიების დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას პანკისის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მეც და ქართულ საზოგადოებასაც პანკისთან. სიყვარულის, პატივისცემის და თქვენ ეს უნდა იგრძნოთ. ნებისმიერი ვინმე, ვინც ისაუბრებს რომ ეს ასე არ არის და ვინც უარყოფითის გაღვივებას შეცდება, ის იქნება მტერი. თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ადათ-წესებს, ყოფით წესს. მიგვაჩნია, რომ ერთად ვაშენებთ ძლიერ,  თავისუფალ საქართველოს და ტკივილმა და ტრაგედიამ არ უნდა დაანგრიოს მთავარი, რაც გულისხმობს, რომ ერთად უნდა გადავიტანოთ ტკივილიც და სიხარულიც“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თელავში, სტუდენტებთან შეხვედრისას.