ექიმის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ უცხოელი სპეციალისტის მისაღებად კლინიკა მზადაა
ექიმის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ უცხოელი სპეციალისტის მისაღებად კლინიკა მზადაა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თუკი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მის სამკურნალოდ უცხოელი ექიმის მოწვევას გადაწყვეტენ, კლინიკა მათ ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს. ექიმის განცხადებით, ამ დრომდე, ოჯახის წევრებს ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

„რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტის ჩართვის საკითხს, ამ ეტაპზე, ოჯახის წევრების მხრიდან ჩემთან საუბარი არ ყოფილა. არც დაშავებულის უცხოეთში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მოუმართავთ ჩვენთვის. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ამ საკითხებთან დაკავშირებით მოგვმართავს, მაშინ საავადმყოფო მათ ყველფრით დაეხმარება. მათ შორის, უცხოელი სპეციალისტის მისაღებადაც მზად ვართ, გადავცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, გავაცნობთ ყველა დეტალს. თუ კიდევ დამატებით იქნება რამე საჭირო, კლინიკა ამასაც განიხილავს“, – აღნიშნა ზაზა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. ჩატარებული კვლევების შედეგად, გაირკვა, რომ ნაწილობრივ მთელი რიგი პარამეტრები გაუარესებულია. ზოგიერთი მათგანის ლიკვიდაცია მოხერხდა, გამოსწორებულია, თუმცა მთლიანობაში მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა. სამწუხაროდ, პროგნოზებზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მიმდინარეობს ვაზო-ინოტროპული მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მისი წნევის პარამეტრების შენარჩუნება ხერხდება სპეციალური მედიკამენტების საშუალებით“, – აღნიშნა ექიმმა.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სუს-ში.