თემირლან მაჩალიკაშვილი  თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს
თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.

დაჭრილის გადმოყვანა თბილისში ოჯახის თანხმობით მოხდა.

თელავის რეფერალური კლინის რეანიმატოლოგის, ვასილ გოტაძის განცხადებით, მკურნალობის უფრო ადეკვატურად ჩატარების მიზნით, საჭირო გახდა მისი გადაყვანა სპეციალიზირებულ მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც არის ნეიროქირურგიული, ნეირორეანიმაციული განყოფილებები.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა.

“სანამ მოვედი შეიყვანეს უკვე. ვიცი, რომ კარგად მოაღწიეს აქამდე. უფრო ძლიერ კლინიკაში გადმოიყვანეს, ალბათ ცდილობენ გადარჩენას. მთელ საქართველოს გული შეტკივა ამ ბიჭის გამო, ვინც იცის მისი ამბავი. ალბათ მიხვდებიან ისინიც. რასაც აბრალებენ, აბსურდია და სიმართლეს არ შეეფერება. ვიღაცას ჩემი ჯავრი ჰქონდა, მე არ ვიცი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შეეშალათ მისამართი. სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ, ვითომ გრანტებია,  ტერორისტებს ებრძვიან, სად მიდის ეს ფული. ასეთი ტუტუცებიც არ იქნებიან ხომ, რომ შეეშალოთ?”,- აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.