ტელესკოპი SOFIA გიგანტურ ვარსკვლავთა დაბადების საიდუმლოს მალე ამოხსნის
ტელესკოპი SOFIA გიგანტურ ვარსკვლავთა დაბადების საიდუმლოს მალე ამოხსნის

ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთწარმოქმნელ რეგიონებს ასტრონომები NASA-ს მფრინავი ტელესკოპის, SOFIA-ს (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) საშუალებით აკვირდებიან. მათი ძირითადი მიზანია უკეთესად შეისწავლონ ის პროცესები და გარემო, რაც ჩვენთვის ცნობილ უდიდეს ვარსკვლავთა დაბადებისთვისაა საჭირო. ეს ვარსკვლავები ჩვენს მზეს მასით ათობით აღემატებიან.

მკვლევართა ჯგუფის სამიზნე იყო ირმის ნახტომში არსებული რვა უკიდურესად მასიური, ახალგაზრდა ვარსკვლავი. დაკვირვებათა შედეგები მათ ახლახან გამოაქვეყნეს. SOFIA-ს უმძლავრესმა კამერამ მათ საშუალება მისცა გამოეკვლიათ თბილი, მტვრიანი რეგიონები, რომლებიც ცხელდება ფორმირების პროცესში მყოფი კაშკაშა, მასიური ვარსკვლავების სინათლით.

იმის გამო, რომ ტელესკოპი SOFIA დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს, სადაც გაცილებით მეტია ინფრაწითელი გამოსხივება, მის ინსტრუმენტთა შესაძლებლობები თითქმის გაორმაგებულია და შედეგად, წარმოადგენს ერთადერთ ობსერვატორიას, რომელსაც ვარსკვლავების შესწავლა შეუძლია ტალღის ისეთ სიგრძეებში, ისეთი მგრძნობელობითა და რეზოლუციით, რაც საჭიროა მტვრის იმ სქელ ღრუბლებში შესახედად, რომელშიც ეს ვარსკვლავები იბადებიან.

მასიურ ვარსკვლავთა კატალოგიზაციის ფარგლებში, რომელსაც SOFIA ამჟამად აწარმოებს, მკვლევართა ჯგუფი სწავლობს ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა, ე. წ. პროტოვარსკვლავების ფართო ჯგუფს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა მასები და ევოლუციური საფეხურები, ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოში. ჯგუფი იმედოვნებს, რომ გარკვეულ ცნობებს მიიღებენ იმ ზოგადი პროცესების შესახებ, რომელშიც მასიური ვარსკვლავები წარმოიქმნებიან, რის შედეგადაც, შეეძლებათ შეამოწმონ და გაცხრილონ ვარსკვლავთა ფორმაციის თეორეტიკული მოდელები.

მასიური ვარსკვლავები სიცოცხლეს სუპერნოვად აფეთქებით ასრულებენ, რა დროსაც, თავიანთ შემადგენელ ელემენტებს ვარსკვლავთშორის სივრცეში გატყორცნიან. მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში, ეს ელემენტები ხელახლა გამოიყენება ახალი ვარსკვლავებისა და მათი პლანეტარული სისტემების წარმოსაქმნელად.

„თუკი მასიური ვარსკვლავები არ იარსებებდა, არ იქნებოდა ის უმთავრესი ელემენტებიც, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის, ჩვენი პლანეტისა და თავად სიცოცხლის წარმოსაქმნელადაა საჭირო. უცნობია, იგივე გარემოში და იგივე გზით იბადებიან თუ არა მასიური ვარსკვლავები, როგორშიც ჩვენი მზე წარმოიქმნა. სწორედ ამ მიზეზით ვსწავლობთ მასიურ ვარსკვლავებს და მათი დაბადების პროცესებს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯეიმს დე ბიზერი.

მასიურ ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესების წარმმართველ მექანიზმთან დაკავშირებით, არ არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი. როგორც SOFIA-ს კატალოგიზაციამ გამოავლინა, მასიურ ვარსკვლავთა ფორმაციას თან ახლავს მძლავრი, მაგნეტიზებული ქარების გამოშვება, რომელიც გაზის დაკლაკნილი დისკოს ზემოთ და ქვემოთ ქრის; სწორედ ეს დისკო კვებავს მზარდ ვარსკვლავს. ქარები ქრის მტვრის მკვრივ ღრუბელთა ღრმულებში, რამაც მკვლევრებს ვარსკვლავურ ინკუბატორში უფრო კარგად ჩახედვის საშუალება მისცა. ამ ღრმულებიდან გამოქცეული სინათლის ოდენობის სხვადასხვა ტალღის სიგრძეში გაზომვის შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ შეისწავლონ პროტოვარსკვლავთა სტრუქტურა და შეამოწმონ მათი ფორმაციის სხვადასხვა თეორეტიკული მოდელი.

„მასიურ ვარსკვლავთა დაბადების პროცესის გარკვევა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაუჭრელი პრობლემაა, რადგან ეს ვარსკვლავები ზედმეტად გავლენიანია როგორც ჩვენს გალაქტიკაში, ისე მის მიღმა“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი ჯონათან ტანი.

„ტელესკოპ SOFIA-ს ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში ხედვის უნიკალური შესაძლებლობა გადამწყვეტია ამ კვლევის პროგრესისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გახლავთ სპექტრის ის ნაწილი, რომელშიც ვარსკვლავები საკუთარი ენერგიის დიდ ნაწილს გამოყოფენ. ინფრაწითელი ტალღები ასჯერ გრძელია, ვიდრე ხილული სინათლე“.

კატალოგიზაციას SOFIA 2018 წლის ზაფხულშიც გააგრძელებს. გეგმის მიხედვით, ტელესკოპი ჩვენს გალაქტიკაში გამოიკვლევს მასიური ვარსკვლავების ფორმაციის 50 სხვადასხვა რეგიონს.

„ჩვენი ბოლოდროინდელი და მომავალი კვლევები საკმარის მონაცემებს მოგვაწვდის იმისათვის, რათა გავარკვიოთ მასიურ ვარსკვლავთა დაბადების ზოგადი პრინციპი“, — აღნიშნავს ტანი.

SOFIA გახლავთ ლაინერ Boeing 747SP-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელზეც დამონტაჟებულია 2,5 დიამეტრიანი ტელესკოპი. წარმოადგენს NASA-სა და გერმანიის ასტროფიზიკის ცენტრის ერთობლივ პორექტს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით