ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე თეა სიჭინავა და ჯონი კალანდაძე დაიკითხნენ
ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე თეა სიჭინავა და ჯონი კალანდაძე დაიკითხნენ

ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ჟურნალისტები თეა სიჭინავა და ჯონი კალანდაძე დაიკითხნენ.

როგორც თეა სიჭინავამ სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, ტელეკომპანიის ეთერში სანდრო გირგვლიანის საქმეზე მომზადებული მასალის გასვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გართულდა.

„საწყის ეტაპზე, როცა მოვხვდი ტელევიზიაში, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო გამეშუქებინა მოვლენები, რაც ხდებოდა ქვეყანაში, განურჩევლად იმისა, ვის მოწონდა და ვის არა. როგორც წესი, მედია უნდა იყოს კრიტიკული ხელისუფლების მისამართით. ეს კრიტიკა არ იყო ხშირად მისაღები და ჩვენ არაკომფორტულ პირობებშიც გვიწევდა მუშაობა. ხელისუფლებისთვის მისაღები და სასურველი მედია არ არსებობს, მაგრამ ზღვარი უნდა არსებობდეს. ეს ზღვარი დაირღვა მაშინ, როდესაც ჩვენ ეთერში გავიდა რეპორტაჟი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ. ფართო საზოგადოებამ ამ საქმეზე გაიგო „იმედის“ მეშვეობით. ამის შემდეგ გართულდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ძალიან ბევრი სამართალდამცავი იყო რუსთაველზე. მე მივიღე დავალება, რომ შენობაში ვყოფილიყავი, რომ რუსთაველის გამზირიდან მოსული მასალები მიმეღო. ჩვენი აპარატები, რაც რუსთაველზე იყო დაზიანდა. მასალები იგვიანებდა”, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ტელევიზიაში შევიდა სპეცრაზმი და შეიარაღებული ადამიანები ამტვრევდნენ ყველაფერს, სატელევიზო პულტს და გლეჯდნენ კაბელებს.

„ხმაური რომ გავიგეთ, მივხვდით, სპეცრაზმი შემოვიდა. ჩვენ ვასრულებდით პროფესიულ მოვალეობას. გვინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავით ეთერში. კარგის მოლოდინი არ გვქონდა, როდესაც სპეცრაზმი დავინახეთ. შემოამტვრიეს რკინის კარები, ეძებდნენ სტუდიას. შეირაღებული ადამიანები მოგვადგნენ, გვითხრეს, რომ დავწოლილიყავით იატაკზე. პატარა სივრცე იყო, ვერ დავწვებოდით, მერე ხელები აგვაწევინეს. დაგვადებინეს ტელეფონი, ვერ რთავდნენ აპარატურას და ამიტომ ამტვრევდნენ სატელევიზიო პულტს და გლეჯდნენ კაბელებს, რომ მაუწყებლობა გათიშულიყო. როგორც იქნა გათიშეს მაუწყებლობა, რაგგან დაამტვრიეს ყველაფერი. საეთეროდან გამოგვიყვანეს, იქ უარესი სიტუაცია იყო, ყველა ძირს იწვა”, – განაცხადა სიჭინავამ.

როგორც ჟურნალისტმა ჯონი კალანდაძემ განაცხადა, 7 ნოემბერს „იმედში“ სპეცრაზმელებმა გააფუჭეს ტექნიკა და გათიშეს ეთერი.

„რთულია, როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალა უარს ამბობს, მიიღოს მონაწილეობა გადაცემებში და არ გეთანამშრომლება. იძულებული ვიყავით, ფონს გავსულიყავით ოპოზიციური პარტიების აზრის დაფიქსირების ჩვენებით. როდესაც 7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა, საეთეროში ვიყავი. გააფუჭეს ტექნიკა. მე და ჩემს მეუღლეს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვცეს უფლება, რომ ქვემოთ, ეზოში ჩავსულიყავით. გათიშეს ეთერიც. გავედით ეზოში, სადაც იყო პანიკა, გაურკვევლობა, ჩამოგვართვეს ტელეფონები. ლუბლიანაზე ხალხი მოგროვდა, მცირე მხარდაჭერა იყო. ჩვენ ყველა მხრიდან აღმოვჩნდით  ალყაში. სპეცდანიშნულების რაზმი ისროდა რეზინის ტყვიებს, უშვებდნენ გაზს”, – განაცხადა ჯონი კალანდაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა 2007 წლის მოვლენები და ტელეკომპანიაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა გაიხსენა.

საქალაქო სასამართლოში განიხილება ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ეპიზოდი, რომელიც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

გამოძიების და საქმის მასალების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი 2007 წელს ტელეკომპანიაში შეიჭრა და 3 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა დააზიანა. ასევე, გამოძიების ინფორმაცია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს. 2007 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს სწორედ ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა.