მოწმე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა კაბინეტში დაიბარა და ტელეკომპანია „იმედის“ 15-პროცენტიანი წილის შესყიდვა დაავალა
მოწმე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილმა კაბინეტში დაიბარა და ტელეკომპანია „იმედის“ 15-პროცენტიანი წილის შესყიდვა დაავალა

მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საკუთარ სამუშაო კაბინეტში დამიბარა და ტელეკომპანია „იმედის“ 15-პროცენტიანი წილის შესყიდვა დამავალა, – ამის შესახებ შვიდი ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეებზე ბრალდების მხარის მოწმემ, გიორგი მიქელაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მოწმე გიორგი მიქელაძის თქმით, იმ პერიოდში სამშენებლო საქმიანობით იყო დაკავებული. როგორც მან აღნიშნა, მას ამ წილის შეძენისას თანხა არ გადაუხდია და არც ტელეკომპანიის საქმიანობაში არასდროს ჩარეულა.

„მაშინდელმა შს მინისტრმა მითხრა, რომ უნდა გამეფორმებინა „იმედის“ წილი. ეს ჩემი ნების გამოხატულება არ იყო, არანაირი სურვილი არ მქონდა აღნიშნული წილი გამეფორმებინა. მე ამ საქმიანობით არ ვიყავი დაინტერესებული და ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა.

არასასიამოვნო საუბარი იყო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემს თავს ვერ მივეცი უფლება, რომ უარი მეთქვა. თუ მაგ ადამიანთან არ მექნებოდა ურთიერთობა, ალბათ, ჩემს ოჯახსაც საფრთხე დაემუქრებოდა.

მსგავსი რამ მინისტრისგან ითქვა და იყო ​არასასიამოვნო საუბარი“, – განაცხადა მოწმემ.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს. არსებითი განხილვები ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოკვლევით გრძელდება.