ერეკლე კოდუას საქმეზე სასამართლოში ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე იკითხება
ერეკლე კოდუას საქმეზე სასამართლოში ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერეკლე კოდუას საქმეზე ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე იკითხება. მისი თქმით, ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობის პერიმეტრს იცავდა, შესაბამისი ბრძანება კი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის იმჟამინდელმა უფროსმა დავით ქარსელაძემ გასცა.

„2007 წლის 7 ნოემბერს, 19:00 საათზე დამირეკა დავით ქარსელაძემ და ბრძანება მივიღეთ, რომ მოდულთან მივსულიყავით. ვიყავით ხუთი ავტომობილით, 20-დან 25 კაცამდე. ამის მერე დავით ქარსელაძისგან მივიღეთ განკარგულება, რომ „იმედის“ შენობისკენ წავსულიყავით, რაც შევასრულეთ. მან განმარტა, რომ ჩვენი მოვალეობა იყო, „იმედის“ შენობაში, ეზოში შევსულიყავით და პერიმეტრზე დავრჩენილიყავით. მანქანები ლუბლიანას ქუჩაზე გავაჩერეთ, გადმოვედით 20-25 კაცი შავი ფორმებით, შევედით ტერიტორიაზე, შიგნით მოძრაობდნენ ფორმიანები. ამით იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ შიგნით. შევედით, პირველ სართულზეც იყვნენ შენობაში ფორმიანები, საპატრულოც იყო მათთან ერთად. ჩვენ ისევ გარეთ გამოვედით, დავით ქარსელაძე შემხვდა და მომცა განკარგულება, უნდა დავრჩენილიყავით „იმედის“ შენობაში, პერიმეტრის კონტროლი უნდა მოგვეხდინა. 7 ნოემბერს ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი არც რუსთაველზე არც რიყეზე არ იყო.

„იმედში“ რომ მივედით, ქარსელაძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ შენობა, პერიმეტრი უნდა დაგვეცვა, სანამ იქ რამე კონკრეტული გადაწყდებოდა. ტელევიზიის პირველ სართულზე ყველაფერი არეული იყო. შესაძლოა, ერეკლე კოდუა იქ იყო, თუმცა მე იქ არ მინახავს. მე მას სახეზეც არ ვიცნობ. ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი ამ დღის შემდეგ, ბრძანების მიხედვით იცავდა ტელევიზიის შენობის პერიმეტრს. ჩვენი დავალება იყო, რომ გაგვეკონტროლებინა შესასვლელი, როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს“, – განაცხადა ედიშერ კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ერეკლე კოდუა უკვე მე-6 ბრალდებულია. 2007 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი იყო. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ტელევიზიაში. დააზიანეს აპარატურა, ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„იმედის“ დარბევის შედეგად ოფიციალურად დაზარალებულად 13 პირია ცნობილი. მათ აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება და სასამართლო განხილვები საქართველოში დაიწყო და სტრასბურგმა სარჩელის განხილვა შეწყვიტა. ერეკლე კოდუას ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ამჟამად ის ოფიციალურად ძებნილია.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ეპიზოდთან ერთად გაერთიანებულია 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმე და ბადრი პატარკაციშვილის წილების დათმობის ეპიზოდი. ამ დრომდე არსებით განხილვაშია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმე. ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.