თეა წულუკიანი - ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ საზოგადოებისა და პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება
პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ საზოგადოებისთვის და პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარისას განაცხადა.
„ჩვენ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. პროკურატურა ამბობს და მათ მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა, მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პროკურატურა არსებობს იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები ბოლომდე დაიცვას.
“მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, მინდა, რამოდენიმე რამ ვთქვა დაზარალებულების, საზოგადოების, პროკურატურის და ა.შ გასაგონად. როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ვამბობთ, რომ საქმეზე გამოძიება მომდინარეობს, ეს იშნავს, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაზარალებულს უნდა ჰყავდეს მოკავშირე, ყველამ არა მხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალოძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექით. მინდა, მას პირველად ვიპასუხო – ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი თქვენს გვერდით ვდგავართ. სხვაგვარად ვერ იქნება, რადგან პროკურატურა შექმნილია იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები ბოლომდე დაიცვა”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.
რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას მართავს.