თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებისთვის შეირჩა აბსოლუტურად დაცული სივრცე, არ არსებობს არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ შეიძლება, რომელიმე ექსპონატი დაზიანდეს
თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებისთვის შეირჩა აბსოლუტურად დაცული სივრცე, არ არსებობს არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ შეიძლება, რომელიმე ექსპონატი დაზიანდეს

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძირითადი შენობიდან ექსპონატების ევაკუაციის პროცესი დაიწყო პირველ ივნისს და ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ეს პროცესი დაიწყო სწორედ ოქროს ფონდიდან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპონატებისთვის საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით შეირჩა დაცული და უსაფრთხო სივრცე.

„ვინაიდან, ეს არის საგანძური, რომელიც არის ჩვენი ქართული კულტურის, ქრისტიანული კულტურის და ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ორი სივრცე მოვამზადეთ ამისთვის; ერთი, რომელიც სამინისტროს ჩამოყალიბებამდე პრაქტიკულად მზად იყო, მაგრამ საჭირო იყო გარკვეული ინფრასტრუქტურული ცვლილებები და მეორე სივრცე გახლდათ, ძირითადი კორპუსის უკან მდებარე 80-იან წლებში აშენებული, ხელოვნების მუზეუმის კორპუსი. ორივე სივრცე ტოლფასი სივრცეა, ამას მე ვამბობ ხაზგასმით და ვაწარმოეთ მოლაპარაკებები საქართველოს საპატრიარქოსთან. საქართველოს საპატრიარქოსგან ამ თემებზე არიან უფლებამოსილი პირები, ისინი ვინც ხელმძღვანელობენ სიწმინდეების დაცვის მიმართულებას. სწორედ, მათი პოზიციის გათვალისწინებით ამ ორი სივრციდან შერჩეული იქნა ის სივრცე, სადაც ახლა გადადის ექსპონატები. ეს არის აბსოლუტურად დაცული სივრცე. არ შეიძლება, არსებობდეს რაიმე ტიპის საფრთხეზე საუბარი. ის სივრცე, სადაც საგანძური გადადის საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიციის გათვალისწინებით, არის აბსოლუტურად უსაფრთხო. როდესაც საგანძური შედის ამ სივრცეში მასზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, დაწყებული მინისტრიდან, დასრულებული რიგითი მცველით და ეს პასუხისმგებლობები, ვფიქრობ, რომ გვაქვს ბოლომდე გათავისებული. არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ შეიძლება, რომელიმე ექსპონატი დაზიანდეს არ არსებობს, მათ შორის ტრანსპორტირებისას, თუ ის მოქალაქეები, ვინც გარეთ დგანან და აპროტესტებენ ამ პროცესს, კანონმორჩილების პოზიციას აირჩევენ. რბილად რომ ვთქვა, უცნაურია, როდესაც ამბობ, რომ ექსპონატის ინტერესიდან გამომდინარე აწყობ აქციას და როდესაც ექსპონატი ჩაბრძანებულია, ხატი, სხვა სიწმინდეები ჩაბრძანებულია ტრანსპორტში და ამ ტრანსპორტს თავს დაესხმები და ჩაამტვრევ შუშებს, უკვე მე მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო ამ მოქმედების გულწრფელობაში, რომ შენ იცავ ექსპონატს. შესაბამისად, მოდით ყველამ ჩვენ ჩვენ პასუხისმგებლობებს გავუსწოროთ თვალი, ვიქნებით მუზეუმის თანამშრომლები, მინისტრი თუ სხვა. და გარწმუნებთ რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება ისე როგორც ეს არის ექსპონატების ინტერესისთვის საუკეთესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება თავად შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმს, კულტურის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინფრასტრუქტურული ინიციატივის ფარგლებში მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან, რომელთაგანაც შეირჩევა ერთი, რათა აღნიშნული ავარიული შენობა გაამაგროს.

„როდესაც, მუზეუმი იქნება სრულად დაცლილი და ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ პრემიერ-მინისტრის ინფრასტრუქტურული ინიციატივის ფარგლებში მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან. იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც დათანხმდება იმას, რომ ეს ავარიული შენობა გაამაგროს, ვინაიდან ამ შენობის გამაგრებას სჭირდება ძალიან სერიოზული შრომითი უსაფრთხოების დაცვა. შენობა იქნება გამაგრებული, გამაგრების პროექტი მომზადებულია და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სემინარიის ძველ კორპუსს, რაც ალბათ რამდენიმეწლიანი ხანგრძლივი პროცესი იქნება. ვინაიდან, მხოლოდ გამაგრების პროექტის ხარჯთაღრიცხვა არის დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების და შემდეგ მუზეუმის რეაბილიტაცია ეს კიდევ არანაკლები თანხა იქნება, რაც ჩვენ ბიუჯეტში წელს არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წლებში იქნება. ჩვენს იტალიელ ექსპერტს, რომელიც დღეს უკვე მეორე კვირაა, საგანძურში მუშაობს, კვირის ბოლოს დავემშვიდობებით დროებით. ის დაბრუნდება ივნისის ბოლოს და გავაგრძელებთ საგანძურის ტრანსპორტირებას, ისევე როგორც ფერწერის ფონდისა და სხვა ფონდების ეტაპობრივად გატანას მუზეუმიდან. დაფარული და დამალული არაფერია ამ სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.