თეა წულუკიანი - სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაძრები უნდა გაივსოს, ასეთ დროს ეკლესია ვერ დაიცავს დისტანციას და მივიღებთ აფეთქებას
თეა წულუკიანი - სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაძრები უნდა გაივსოს, ასეთ დროს ეკლესია ვერ დაიცავს დისტანციას და მივიღებთ აფეთქებას

სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაძრები უნდა გაივსოს, ასეთ დროს ეკლესია ვერ დაიცავს დისტანციას და მივიღებთ აფეთქებას, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ აღდგომის ღამეს თავად არ მიდის ტაძარში.

„მთავრობა, სახელმწიფო სტრუქტურები, ყველა და, მეორე მხრივ, ეკლესია უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. მე, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, არ შემიძლია, საუბარი არ დავიწყო მოწოდებით, რომ ტაძრებში ჩვენ არ უნდა წავიდეთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში. მივმართავ ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილი, ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღამეს, ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე ტაძარში დგომა – ჩვენ ეს უნდა გადავდოთ გვერდზე, რაც უნდა ამის საჭიროება გვქონდეს.

არ მგონია, კარგი ტონი, რომ ეთერი გამოიყენო პირად ტრაგედიებზე, პირად საჭიროებებზე სასაუბროდ. თუნდაც მე ვისარგებლო ბოროტულად და მოვყვე, სასიცოცხლოდ მართლაცდა საჭიროება და განცდა მაქვს იმისა, რომ შევძლო და წავიდე, დავანთო ის სანთელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მეც შვებას მომცემდა და იმ ადამიანსაც, რომელთანაც სულ რამდენიმე დღის წინ მომიწია იმ მომენტამდე დაშორება, სანამ მეც არ წავალ, ვთქვათ, საიქიოში. ეს საჭიროება ყველას გვაქვს, უფრო მეტ დეტალს არ ვიტყვი, მაგრამ მე არ მივდივარ ტაძარში. რატომ არ მივდივარ? იმიტომ არ მივდივარ, რომ მგონია, პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, სახელმწიფომ რომ არ დაკეტა ტაძრები, ეკლესია თავისით ტაძრებს, რა თქმა უნდა, არ და ვერ დაკეტავდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაძარი უნდა გაივსოს. ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ეპიდემიურ აფეთქებას ვგულისხმობ. ამ აფეთქების თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, ხალხმა, დიდმა, პატარამ ყოველდღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ. ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

წულუკიანის თქმით, ღია ტაძარი არის ქვეყნის იდენტობაში უდიდესი სიმბოლო და ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება.

„მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ და თუ კი იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპიდემიოლოგიური და სანიტარიული კატასტროფის წინაშე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე ვესწრებოდი იმ შეხვედრებს, ერთ-ერთს მოლაპარაკებების ჯაჭვში, რომელიც იყო სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და მინდა, ღიად ვთქვა, მე არ მჩვევია, ამან ის თქვა, იმან ის თქვა, ვითომ წყაროებზე დაყრდნობით, ვითომ მედიასაშუალებები ავრცელებენ ხოლმე ამგვარ რაღაცებს. რა თქმა უნდა, ეს მე და თქვენ არ გვეხება, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, როგორც მოწმე ამ საუბრის, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესია მაღალი პასუხისმგებლობით ათვითცნობიერებს იმას, თუ რას გვეუბნებიან ჩვენ ყველას ჯანდაცვის პროფესიონალები და ეპიდემიოლოგები. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, როგორღაც, არის მოდაში რადიკალური მოსაზრებები. ერთი მოსაზრება ამბობს, რომ თუ ხარ მორწმუნე და გსურს იყო იქ, სადაც ნატრულობდი რამდენიმე დღე რომ იქნებოდი იმ ღამეს, ე.ი. შენ ხარ ბნელი, ანდა თუ ამას შეურაცხყოფ ხმამაღლა და არ მიდიხარ ეკლესიაში, შენ ხარ სიმართლე და ჭეშმარიტება. მე მინდა, მოკრძალებულად ჩემი აზრი გაგიზიაროთ და ვთქვა, რომ არც ერთია მისაღები პოზიცია და არც მეორე. ერთადერთი მისაღები პოზიცია არის ის, რომ ჩვენ დავრჩეთ სახლში. წირვა იქნება, სასულიერო პირების საქმეა ეს, მღვდელი იმისა რომ წიროს, მით უმეტეს აღდგომის ღამეს, მაგრამ მე პირადად არ ვიქნები ტაძარში, იმის მორიდებით, რომ იქ მდგარ სხვა მოქალაქეს რამე არ გადავდო, იმის მორიდებით რომ ეკლესიას არ მივუტანო ვირუსი და ამით არ დავუშავო რამე, არ მივაყენო აუნაზღაურებელი დარტყმა, რომელსაც ის ასეთ შემთხვევაში მოქალაქის ქცევის გამო მიიღებს.

აქედან გამომდინარე, უფრო მკაფიო მესიჯები, გზავნილები, ბოდიშს ვიხდი, ალბათ ვერც ერთ მთავრობის წევრს ვერ გვექნება იმაზე უკეთესი, ვიდრე პრემიერს ჰქონდა პრესკონფერენციაზე, უბრალოდ, ალბათ მთქმელს უნდა გამგებიც. ჩემს პასუხში ემოციაც არის და ბოდიშს ვიხდი, გრძელი გამომივიდა პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მთავრობას აქვს თავისი პასუხისმგებლობები, ეკლესიას კი, თავისი.

„ეკლესიამ უნდა იტვირთოს თავისი პასუხისმგებლობები და ამ პასუხისმგებლობებს ჩვენ ვერ ვიტვირთავთ ვერავინ. მოქალაქესაც აქვს თავისი პასუხისმგებლობები, აღდგომის ღამეს ესეც არის ძალიან დიდი, რადგან მთავრობა მოქალაქის ნაცვლად ვერ დარჩება სახლში. ჩვენ, მთავრობის წევრები დავრჩებით სახლში, მაგრამ თქვენც ყველანი უნდა დარჩეთ სახლში, ეკლესიამ სწიროს სასულიერო პირების მონაწილეობით და თუ მაინც იქ მოხვდებიან და მივლენ მოქალაქეები 9 საათამდე, ასეთ შემთვევაში მათ მოუწევთ იქ ყოფნა კომენდანტის საათის დასრულებამდე. იმედია, რომ ეს იქნება ძალიან ცოტა ოდენობა იმისთვის, რომ თვითონ ეკლესიამ თავისი პასუხისმგებლობის ტვირთვა კანონშესაბამისად შეძლოს და დაცული იყოს დისტანცია, რომ ჩვენ არ მივიღოთ უკვე მომავალი კვირიდან ათ დღეში და ორ კვირაში ე.წ. აღდგომის ეპიდემიოლოგიური ეფექტი, რაც, რა თქმა უნდა, იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატასტროფის ტოლფასი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.