თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა - არავითარი პრობლემა არ არის, რომ პატიმრებს 24 საათი მივცეთ უფლება, თქვენ დაგირეკონ ცხელ ხაზზე, ასწევთ ამ ტვირთს?
თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა - არავითარი პრობლემა არ არის, რომ პატიმრებს 24 საათი მივცეთ უფლება, თქვენ დაგირეკონ ცხელ ხაზზე, ასწევთ ამ ტვირთს?

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველისგან ვერ მიიღებს კრიტიკას, რომ ომბუდსმენის აპარატამდე პატიმართა საჩივრების ან განცხადებების მიტანა სრულფასოვნად არ ხდება.

წულუკიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე და ანგარიშის შემუშავებამდე, კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს მისთვის შეეთავაზებინა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, რათა კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, ერთად ეფიქრათ, როგორ ეპასუხათ პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევებისთვის.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს, თქვენ ამ ანგარიშში ახსენებთ, ისე არის წარმოდგენილი, თითქოს სხვა გამოსავალი არ გქონდათ, რომ იქ გეჩივლათ. ეს არის ტყუილი, რადგან თქვენ, თქვენივე სარჩელში, მე მას გავეცანი პოსტფაქტუმ, როცა გვიჩივლეთ, წერთ, რომ სასჯელაღსრულების წინა სამინისტრომ უარი გითხრათ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ა.შ. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში არავითარი პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, თუ თქვენ შეძლებთ, ქალბატონო ნინო, რომ 24 საათიანი, 7 დღე გახსნათ დიდი უნარის მქონე ქოლცენტრი, მზად ვარ, დავავალო, აქ ბრძანდება პენიტენციური სამსახურის გენდირექტორი, ჩემი მოადგილე ბატონი გიორგი პატარიძე, რომელიც მოამზადებს მინისტრის ბრძანებასაც და ასევე პარლამენტში შემოიტანს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თქვენ აღარ დაგჭირდებათ ბათუმში ჩივილი და არც სტრასბურგში ჩივილი. გეკითხათ, რატომ ამტვრევთ ღია კარს. მე ვფიქრობ, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ პატიმრებს 24 საათი მივცეთ უფლება, თქვენ დაგირეკონ ცხელ ხაზზე. ასწევთ ამ ტვირთს? თუ ასწევთ, გავაკეთოთ ეს. ავიღოთ ერთი თვე. 24 საათიან რეჟიმში, ყველა პატიმარს შეეძლება თქვენთან ცხელ ხაზზე დარეკვა, თუ ეს არის თქვენი სურვილი. რა საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოში სიარული? ან გეკითხათ, ერთი მინისტრი ერთს ფიქრობს, მეორე მეორეს. მე ვფიქრობ ასე, ამიტომ ნუ ამტვრევთ ღია კარს. შექმენით ქოლცენტრი და ღამე თუ დაგირეკავთ პატიმარი, მოდიო, იყოლიეთ თანამშრომელი, ვინც ღამე მივა ციხეში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს გაეცნო.

შეგახსენებთ, 2019 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოეხსნათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები.

კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს ზოგადად ციხის პირობებში ტელეფონით სარგებლობაზე აქვთ დაწესებული.