თეა წულუკიანი - მთავარი პროკურორი დაახლოებით ორი თვის ვადაში გვეყოლება, კონსულტაციები უკვე დაიწყო
თეა წულუკიანი - მთავარი პროკურორი დაახლოებით ორი თვის ვადაში გვეყოლება,  კონსულტაციები უკვე დაიწყო

მთავარი პროკურორის გამოსავლენად კონსულტაციები დღეს უკვე დაიწყო, კანონი კონსულტაციებისთვის ერთთვიან პროცედურას გვავალებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კონსულტაციების შემდეგ სამი შერჩეული კანდიდატის  საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრება გაიმართება.

წულუკიანის თქმით, სავარაუდოდ, ახალი მთავარი პროკურორი ორი თვის ვადაში უკვე არჩეულ იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, მაქსიმუმ ორი თვის ვადაში  გვეყოლება მთავარი პროკურორი. პროცედურა არის ხანგრძლივი და კომპლექსური, ის ყველას მონაწილეობას მოითხოვს ამ პროცესში. ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს და რაც მთავარია, სამართლის დარგის სპეციალისტებს მოვუწოდებ, რომ მათთვის სასურველი კანდიდატებს, ვინც აკმაყოფილებს პროკურატურის კანონით გაწერილ მკაცრ კრიტერიუმებს გაუწიონ რეკომენდაცია, რათა გვქონდეს მაქსიმალური არჩევანი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება უკვე დასახელებულ კანდიდატებს, მისი თქმით, დღესდღეობით არ შეიძლება ვინმე მისაღები ან მიუღებელი იყოს.

„დასახელებული კანდიდატებიდან დღეს არ შეიძლება ვინმე იყოს მისაღები ან მიუღებელი. ერთ თვიანი პროცედურა არის ჩართული, კანდიდატების წარდგენას აქვს თავისი წესი და ფორმა და ის ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. განსაკუთრებით იმ კრიტერიუმს, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის დარგში გამოცდილების ქონას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, ის ითანამშრომლებს არასამთავრობო სექტორთან, თუ არასამთავრობოები პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, ეს მათი არჩევანია.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში ჩართულია, როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი.  მინისტრი ერთი თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.