თეა წულუკიანი - არ გვაქვს ფუფუნება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მრავალი თვე ვიმსჯელოთ, იმედია, პროცესი სწრაფად მივა შედეგამდე
თეა წულუკიანი - არ გვაქვს ფუფუნება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მრავალი თვე ვიმსჯელოთ, იმედია, პროცესი სწრაფად მივა შედეგამდე

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ჯერ დასრულებული არ არის და არაერთი საკითხი საჭიროებს საკანონმდებლო რეგულირებას, დახვეწასა და უკეთ მოწყობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„მიუხედავად მასშტაბური და რევოლუციური ცვლილებებისა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივებით ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო კუთხით ჩატარდა, ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს რეფორმა დასრულებულია. რეფორმა რომ დასრულებულად ჩაითვალოს, ამისთვის დარჩენილია არაერთი საკითხი, რომელიც საკანონმდებლო რეგულირებას, დახვეწას, უკეთ მოწყობას საჭიროებს. მართალია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება განვახორციელეთ, ინდივიდუალურ მოსამართლეებს მივეცით უფრო მეტი თავისუფლება და დავიცავით ისინი უფრო მეტად კანონით, ვიდრე ადრე იყვნენ დაცული, მაგრამ ეს არ კმარა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის შეფასებით, დღეს არაერთი მოქალაქე ხედავს, რომ შეუძლია სახელმწიფოს, მათ შორის სამინისტროებსაც მოუგოს დავები. წარსულთან შედარებით, გარკვეული ხარისხით, სასამართლოსადმი ნდობა გაჩნდა. თუმცა მისი განცხადებით, ეს საკმარისი არ არის.

„არ კმარა მაგალითად ისიც, რომ ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდით ევროპულ სივრცეში სისხლის სამართლის სფეროში ბავშვთა მართლმსაჯულების კუთხით და ვფიქრობ, არც ის კმარა, რომ შევძელით და დავნერგეთ მოსამართლეთა შეფასების სისტემა, რაც ადრე იყო წარმოუდგენელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ფუნდამენტი, რომ საქართველოს ძალიან კარგი მართლმსაჯულების სისტემა ჰქონდეს.

„ახლა მთავარია, ახალ-ახალი ინიციატივები შემუშავდეს დარჩენილ ხარვეზებთან, პრობლემებთან მიმართებაში, თუნდაც მოსამართლეების კვალიფიკაციის კუთხით, ყველა მათგანს არ ეხება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის სფეროში შემუშავდეს გაბედული ინიციატივები. ამას ვუყურებ როგორც პროცესს, მთავარია, აღნიშნული პროცესი გაურკვეველი ვადით არ გაჭიანურდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმის რამდენიმე ტალღის შედეგად, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდა, არსებობს ჯანსაღი და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ჩარჩო, თუმცა ამ მხრივ შესაძლოა, მუშაობა გაგრძელდეს.

„თუ საჭიროა, რომ კრიტერიუმები კიდევ უფრი მკაფიო გახდეს, მაშინ კრიტერიუმებზე მუშაობა, რომელიც ერთი კვირის წინ პარლამენტის ფარგლებში დაიწყო, გაგრძელდება. ეს კარგი პროცესია, მაგრამ მთავარია, შედეგი დაიდოს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვა არის უკიდურესად გართულებული. დაახლოებით 10 მოსამართლეა დარჩენილი, უმრავლესობას ვადა გაუვიდა და როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა, რეალურად სისხლის სამართლის საქმეების დროული განხილვაც არის შეფერხებული, რადგან ის სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე იყო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ამ მხრივ, მწვავე დეფიციტი სახეზეა და არ არის ფუფუნება, რომ კრიტერიუმებზე მსჯელობა თვეები გაგრძელდეს.

„მოქალაქეები, რომლებიც ელოდებიან, მართლმსაჯულების განხორციელებას უზენაესი სასამართლოსგან, გამოთქვამენ უკმაყოფილებას და არ გვაქვს ფუფუნება, რომ მრავალი თვის მანძილზე ვიმსჯელოთ კრიტერიუმებზე. კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო და იმედი მაქვს, სწრაფად მივა შედეგამდე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში 31 იანვარს გამოქვეყნდა.