თეა ახვლედიანი - პირველი რიგის პრიორიტეტად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას
თეა ახვლედიანი - პირველი რიგის პრიორიტეტად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას

ჩვენ დიდი დრო და ძალისხმევა მოვახმარეთ ახალი, ათწლიანი პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს, რომელიც ღია და ინკლუზიური მიდგომით წარიმართა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჭრილში განიხილება და ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები. ჩვენი კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყნის მოსახლეობას ჰარმონიული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. სახელმწიფო ითვალისწინებს ამ უნიკალურ გამოცდილებას და თანასწორობის პრინციპებზე, ისევე როგორც საერთო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებით, აძლიერებს მას პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისი თქმით, გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნული პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით და წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ პერიოდს განახლებული სტრატეგიული ხედვის ფორმირებისთვის.

„ჩვენ დიდი დრო და ძალისხმევა მოვახმარეთ ახალი, ათწლიანი პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს, რომელიც ღია და ინკლუზიური მიდგომით წარიმართა: კერძოდ, უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი დარგობრივი უწყებების, პარლამენტის, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების, სახალხო დამცველის აპარატისა და მასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მონაწილეობა. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი ხედვა და მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის საერთაშორისო ექსპერტიზა უზრუნველყო და მაღალი შეფასება მისცა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა, რომლითაც დადასტურდა შემუშავებული დოკუმენტის შესაბამისობა საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის, ასევე, გამოვყოფდი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე დროული რეაგირების მიზნით გამართულ საინფორმაციო და სოციალური დახმარების აქტივობებს. ამასთან, ყველა რეგიონში გაიმართა სახელმწიფო მინისტრისა და აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები და ადგილობრივ მოსახლეობასთან მრავალი შეხვედრა, რომელთა ძირითად მიზანს, პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ახალი სტრატეგიული ხედვების განხილვა წარმოადგენდა“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, ჩატარებული საქმიანობის შედეგად, სტრატეგიის შეფასების პროცესმა, რომელიც ეყრდნობოდა, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დასკვნებს, გამოავლინა როგორც მიღწეული ხელშესახები შედეგები, ასევე რიგი გამოწვევები.

„მიღწევების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხაზგასასმელია პოლიტიკის განსახორციელებლად დანერგილი უნიკალური ინსტრუმენტები, რომელიც საერთაშორისო შეფასებებში განხილულია როგორც სამაგალითო პრაქტიკა. მათ შორისაა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე უზრუნველყოფა მსხვილი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის; სახელმწიფო ენის სწავლების უფასო პროგრამები ნებისმიერი მსურველისთვის; მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენების სწავლება სკოლებში – როგორიცაა: ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური; უმაღლესი განათლების გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა; საჯარო სამსახურში სპეციალური სტაჟირების პროგრამა; ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოები სამხარეო ადმინისტრაციებში; მშობლიურ-ენოვანი მედიის ხელმისაწვდომობა; კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა; მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიები და პროგრამები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

სწორედ აღნიშნული მექანიზმების საშუალებით გახდა შესაძლებელი წარმატებული შედეგების მიღწევა, რომელთა თაობაზე, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით, მოკლედ მოგახსენებთ: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, რაც აისახა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობაში; სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით გაფართოვდა ბენეფიციართა სეგმენტი და შეიქმნა ფართო შესაძლებლობები ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის; შედეგად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 4 000-ზე მეტმა ზრდასრულმა პირმა გაიუმჯობესა ქართული ენის კომპეტენცია – ეს იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გათვალისწინებით სასწავლო კურსები, ძირითადად, დისტანციურად მიმდინარეობდა; მნიშვნელოვნად ამაღლდა უმაღლესი განათლების მიღების საშეღავათო პოლიტიკის ინსტრუმენტის „1+4 პროგრამის“ პოპულარობა, რაზეც მეტყველებს დაინტერესებული აბიტურიენტების რაოდენობის ზრდის დინამიკა; მხოლოდ წელს ამ პროგრამაზე 1 340-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, რაც პროგრამის საწყის მაჩვენებელზე ხუთჯერ მეტია; პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის პროფესიულ კოლეჯებში ქართული ენის მოსამზადებელი კურსის ამოქმედების შედეგად, რომელშიც პირველივე წელს უკვე 223 სტუდენტი ჩაერთო; პანდემიის მიუხედავად, გაგრძელდა კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ, არაქართულენოვანი ბეჭდვითი მედიის, სომხური და აზერბაიჯანული თეატრების, მუზეუმების, გამოცემებისა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსების გზით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება.

„წარმატებული პროგრამებისა და ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება რიგი გამოწვევები სახელმწიფო ენის ცოდნის, ინფორმირებულობის, განათლების, სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის, პოლიტიკური მონაწილეობისა და სხვა მიმართულებებით, რომელთა დასაძლევად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში შევიმუშავეთ კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები, რომლებიც თითოეული მიმართულებით უზრუნველყოფს სრულფასოვანი ინტეგრაციის შედეგებს. შესაბამისად, გრძელვადიანი და შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, განისაზღვრა პოლიტიკის ხუთი, ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტი: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; კულტურათაშორისი დიალოგი.

ბუნებრივია, თითოეული მიმართულების აღსრულების მიზნით, დასახული გვაქვს კონკრეტული ამოცანები და მათი გადაჭრის გზები: პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას, როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პოლიტიკური მონაწილეობის, დასაქმების, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის, სერვისებზე ეფექტიანი წვდომის წინაპირობას“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მისი თქმით, შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებები ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და საჯარო სივრცეში გამოყენების მიზნით, რაც რამდენიმე წელიწადში ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

„ხაზგასასმელია, რომ ახალი ხედვის ფარგლებში, ქართული ენის სწავლება დაიწყება სკოლამდელი განათლების დონეზე, რაც შექმნის ენის სწავლების უწყვეტ საგანმანათლებლო ჯაჭვს, ზრდასრულთა განათლების ჩათვლით. სიახლეა ისიც, რომ ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების ფარგლებში სახელმწიფო ენის პროგრამებს დაემატა საინტეგრაციო კომპონენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე, ბენეფიციარების ასაკის შესაბამისი კონტექსტით. განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის განგრძობადი ამაღლება კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად. აღნიშნული მიზნით განვითარდება საგანმანათლებლო გარემო და სწავლა-სწავლების მიდგომები, რაც განხორციელდება უახლესი სასწავლო სტრატეგიების დანერგვის, არაქართულენოვანი პედაგოგების საუნივერსიტეტო მომზადების და პროფესიული განვითარების, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეების მხარდამჭერი პროგრამების, ახალი სახელმძღვანელოების შექმნისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორენოვანი განათლების ახალი მოდელის დანერგვის გზით, რომლის პილოტირება უკვე დაწყებულია.

სხვადასხვა კვლევისა და შეფასების სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენი ამბიციური ხედვის რეალიზების მიზნით წარმოდგენილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების შედეგად, კონკრეტულ ვადებში ველოდებით არსებით და ხელშესახებ შედეგებს, რომელთაც ეტაპობრივად მივაღწევთ. დასახული მიზნის თანახმად, 2030 წლისთვის, ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა 99,5 პროცენტს – მათ სრულ უმრავლესობას; ასევე, არსებითად გაიზრდება საკომუნიკაციო ენის ცოდნის დონე ზრდასრულ მოსახლეობაში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი