თეა ახვლედიანი - საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების განმტკიცება
საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება, რაც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა სხვადასხვა კულტურათა ურთიერთქმედებით და სინთეზით, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის ნაწილია, ის ჩვენი უნიკალური კულტურის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და ქვეყნის სიმდიდრეა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და მრავალფეროვნების დაცვას ემსახურება.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების განმტკიცება, სადაც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი კულტურა, ტრადიციები, ამავდროულად, სრულფასოვნად იყვნენ ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ ამ მიზნებს – კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და მრავალფეროვნების დაცვას ემსახურება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.