თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება
თეა ახვლედიანი - გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება

ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ნდობის მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, თუ საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს სწორედ სახალხო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც – ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს. გარდა ამისა, ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ნდობის მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, თუ საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს სწორედ სახალხო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც ხელშესახებ გავლენას მოახდენს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს.

„2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში. შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-მდე ოჯახი, გაზიფიცირებულია ჯამში 74 სოფელი, უმაღლესი განათლება დაუფინანსდა 2 500-მდე სტუდენტს. განხორციელდა 20-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის არაერთი მასშტაბური პროექტი, განხორციელდა სკოლის შენობების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ 2021 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 82 მლნ ლარს აღემატება. მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება 2020-21 წლებში 22 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიმდინარე პროცესი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

„კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მომდევნო წლისთვის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფისა და სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხს. აღსანიშნავია, რომ პანდემიით განპირობებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში, 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მარტოხელა მოხუცებს, გაეწია სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილება – დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა. ამ მიმართულებით შესაბამისი აქტივობები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.