მამუკა მდინარაძე - ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი ევროპულობა და მშვიდობით, სტაბილურობით უნდა შევძლოთ ამ გზაზე სიარული
მამუკა მდინარაძე - ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი ევროპულობა და მშვიდობით, სტაბილურობით უნდა შევძლოთ ამ გზაზე სიარული

ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ, შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და მშვიდობით, სტაბილურობით უნდა შევძლოთ ამ გზაზე სიარული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის რეგიონი, რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. იციან, რა უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავუბრუნოთ. ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ, შეიძლება, დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა. ამ განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობითა და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორად სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დებისა და ძმების მიმართ, რომლებიც აქ, ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის, რადგან ერთადერთი გზაა განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპულობა, ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა. მოგონილი და დეკლარირებული კი არა, ჭეშმარიტი ევროპულობა, რაც არის უალტერნატივო. ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს ქვეყნის გაერთიანებას.

ხალხმა კარგად იცის, რომ მარტივი არ არის ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე, მშვიდობის, დეოკუპაციის გზაზე ერთად სიარული ისე, რომ არცერთგან პრობლემა არ შეგექმნას, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი. რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.