თბილისში, თამარაშვილის გამზირზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
კლდის ნაწილის ჩამოშლის შესახებ 112-ს თვითმხილველმა შეატყობინა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი ინფორმაცია თბილისის მერიას მიაწოდა.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროსადენები და წაიქცა ხეები. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა გლდანში შექმნა, ასევე, ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო. მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2722222.