კახა კალაძე - თამარ მეფის გამზირთან დატბორილია გზის ნაწილი და გადაადგილების პრობლემაა, იყო პრობლემები გლდანში, დიდუბეში, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას
კახა კალაძე - თამარ მეფის გამზირთან დატბორილია გზის ნაწილი და გადაადგილების პრობლემაა, იყო პრობლემები გლდანში, დიდუბეში, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას

ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი. სანიაღვრე სისტემა მუშაობს, მაგრამ იმდენი ნალექია, ვერ აუდის და გარკვეული პრობლემა არის გადაადგილების თვალსაზრისით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, სადაც უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას.

„იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. პრობლემები იყო რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე. ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები გაწმენდილია. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინოს.

„გაკეთებული გვაქვს განცხადება, რომ ვინმეს რაიმე პრობლემა თუ შეექმნა, არსებობს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი, აუცილებლად დაგვიკავშირდით. გამგეობები მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური მზად არის, ვინმეს რაიმე საჭიროება თუ აქვს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – აღნიშნა კალაძემ.