თბილისში სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ მიმდინარეობს
თბილისში რიგით მეხუთე საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ მიმდინარეობს.
სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების სამსახურის მიერ ინიცირებული რიგით მეხუთე ფორუმი ორი დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში წარიმართება, ხოლო 1-ელ ივნისს კი კონფერენციის მონაწილეთათვის მოწყობილი გასვლითი სესიით დასრულდება.
სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ჩატარების ტრადიციასაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა, სამუზეუმო მიმართულების აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ემსახურება.
2018 წლის სამეცნიერო კონფერენცია სრულად ეძღვნება ბორჯომის ხეობისა და ქალაქ ბორჯომის უძრავ და მოძრავ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური პროექტის „ბორჯომი-სამუზეუმო ქალაქი“ თანმიმდევრულ განხორციელებას.
კონფერენცია დღეს გაიხსნა და 1-ელ ივნისს დაიხურება.