მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მინისტრმა მუზეუმის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა და ახალ სამუზეუმო შენობაში ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„ახალი სამუზეუმო შენობა კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლისთვის 2021 წელს შეიძინა. 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა საქართველოს ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ მდებარეობს. მასში განთავსებულია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომლებიც სამი წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა, მაგრამ აქამდე, მათი შენახვისთვის სპეციალური და უსაფრთხო სივრცე არ არსებობდა. კოლექციებს შორისაა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაში 1911 წლიდან არსებული უნიკალური ქსოვილის, ასევე ვერცხლის ფონდები.

უნიკალური კოლექციების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კულტურის სამინისტრომ სწრაფი რეაგირება მოახდინა ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდიას შუამდგომლობაზე და სახელმწიფოს სახელით კერძო პირისგან შეიძინა ისტორიული ნაგებობა, რომელიც მე-19 საუკუნეში ხელოვნების სასახლის (გრაფ ოლდენბურგის რეზიდენციის) ნაწილს წარმოადგენდა.

კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამუზეუმო შენობა რეაბილიტირდა და სრულფასოვან სამუზეუმო სივრცედ ჩამოყალიბდა. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია ხუთი სამუზეუმო ფონდი, სამუშაო ოთახები მუზეუმის თანამშრომლებისთვის და საგანმანათლებლო სივრცეები.

ხელოვნების სასახლის განახლებულ საექსპოზიციო დარბაზებში ვიზიტორებმა ასევე იხილეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამშობლოში დაბრუნებული დასავლეთ ევროპული მხატვრობის ნიმუშები. ა

ღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წელს, ხელოვნების სასახლის სამუზეუმო ფონდები 44 უნიკალური ექსპონატით შეივსო, რისთვისაც სამინისტრომ 419 000 ლარი გამოყო. ნივთები მოიცავს XVI-XIX საუკუნეების კოლექციებს, მათ შორის ნივთებს, რომლებიც ეკუთვნოდათ დადიანებს, ოლდენბურგებს, სარაჯიშვილებსა და ერისთავებს.

ნახატების უმეტესობა საზღვარგარეთ გატანილი იყო საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში და სამშობლოს თითქმის საუკუნის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას აქტიური ჩართულობით დაუბრუნდა. ექსპონატებს შორისაა: მე-17 საუკუნის დიდი ნიდერლანდი ფერმწერისა და გრავიორის, რემბრანტის მოსწავლის, ბართლომეუს ჰელსტის (1613-1670 წ.წ.) „ამსტერდამელი ვაჭრის“ პორტრეტი; ნეაპოლიტანელი მხატვრის პაოლო დე მატეისის (1662-1728 წ.წ.) 1690 წელს შექმნილი ტილო „წმინდა ჯენაროს ამაღლება“; ნაპოლეონ III-ის კარის მხატვრის, ლუვრის სასახლის ერთ-ერთი დეკორატორის, შარლ მიულერის (1815-1892 წ.წ.) ტილო „ლამაზი ანარეკლი“ და სხვა.

მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში ასევე გაიხსნა ქართული სამოსის დარბაზი, რომელშიც რეექსპოზიციის შედეგად წარმოდგენილია ქართული სამკაულის ვერცხლის ნაკეთობათა და იარაღის ახალი კოლექციები; საუკუნოვანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლისთვის გაიხსნა საიდუმლო ოთახი, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე წელიწადი მიმდინარეობდა. აღდგენილია მე-18 საუკუნის საძინებელი და ინტერიერი. მუზეუმის მეორე სართულზე კი დამთვალიერებელმა სრულიად განახლებული მუდმივმოქმედი ექსპოზიციები იხილა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დრამერების შოუს, ანსამბლ „ერისიონთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „ლაპრების“, „მანგისა“ და ანსამბლ „ქართული რითმების“ წარმოდგენა. ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში დამთვალიერებლების მიღება უფასო იყო. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. 2022 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების ძალა“.