საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნები – 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.