რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

„პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის ორი ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.